პროექტის შესახებ

განათლების დაწყებით საფეხურზე მასწავლებლისათვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, სხვა უნარებთან ერთად, განუვითაროს მოსწავლეებს სწორი ქართულით მეტყველების უნარი, რისთვისაც აუცილებელია თანაბარზომიერი, სწორი სტრატეგიების შემუშავება და გამოყენება როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში.
პროექტის აქტუალობა : ბავშვები საუბარში ხშირად ხმარობენ სხვა ენებიდან (ძირითადად რუსულიდან) შემოსულ ბარბარიზმებსა და ჟარგონებს. ასეთივე საუბარი ესმით მოზარდებისა და უფროსებისგანაც. მეტყველების დამახინჯება იწყება ადრეულ სასკოლო პერიოდში და შემდგომ ,,თინეიჯერულ” ასაკში, მაშინ როცა ყალიბდება ცნობიერება და კულტურა. ქართული ენის სიწმინდეზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის პირდაპირი მოვალეობაა. ამის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა კი არის ის, რომ მოსწავლეები თავიდანვე შევაჩვიოთ გამართული ქართულით საუბარს და თვითონაც შეძლონ აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლა.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაითავისონ ქართული ენის უნიკალურობა, დააკვირდნენ მის მდიდარ ლექსიკას, ჰარმონიულობასა და ტკბილხმოვანებას, გაუმდიდრდეთ ლექსიკური მარაგი, მიიღონ ცოდნა ბარბარიზმებისა და ჟარგონების რაობაზე, გაიაზრონ საფრთხე, რომელსაც ისინი ენას უქმნიან, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც თვითოეულ ჩვენგანს გვეკისრება მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის საქმეში. ერთად დავამკვიდროთ სკოლაში ბარბარიზმების აღმოფხვრისათვის ხელშემწყობის სტრატეგიები. აგრეთვე, ჩამოუყალიბდეთ სწორი ქართულით მეტყველების, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და კვლევის უნარები.
პროექტი გრძელვადიანია, ვინაიდან პრობლემა საკმაოდ რთული და სერიოზულია, იგი ხანგრძლივ, გეგმაზომიერ ქმედებებს მოითხოვს.